თავი მეთვრამეტე
რავიკი სადგურიდან ჭუჭყიანი და დაქანცული ბრუნდებოდა. ცამეტი საათი გაატარა დახუთულ ვაგონში, ნივრისსუნიან ადამიანებს შორის, მონადირეებთან და მათ ძაღლებთან, აგრეთვე, დედაკაცებთან, რომლებსაც მუხლებზე დადგმულ კალათებში ქათმები და მტრედები ესხათ... მანამდე კი სამი თვე საზღვარზე დაყო.
საღამო ხანი იყო. რაღაც უცნაურმა ელვარებამ მიიქცია ბინდბუნდში მისი ყურადღება. მოეჩვენა, თითქოს რონ პუენის გარშემო სარკეები იყო დადგმული და გვიანი მაისის დაისის მკრთალ ნათელს იჭერდნენ და ირეკლავდნენ.
შეჩერდა, ყურადღებით დააკვირდა. მართლაც, სარკის პირამიდები აღმოჩნდა. მოჩვენებათა გრძელ მწკრივად მიჰყვებოდა ტიტების ყვავილნარს.
- რა არის ეს? - ჰკითხა მებაღეს, ახალგათოხნილ ყვავილნარს რომ ასწორებდა.
- სარკეები, - მიუგო ისე, რომ თავი არ აუწევია.
- თვითონაც ვხედავ, რომ სარკეებია. მაგრამ ვიდრე პარიზიდან გავემგზავრებოდი, ეს სარკეები არ მინახავს.
- დიდი ხანია, რაც პარიზიდან გაემგზავრეთ?
- სამი თვის წინ.
- სამი თვე!.. ეს წინა კვირას დააყენეს, ინგლისის მეფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. იცქიროს სარკეებში.
- რა საზიზღრობაა! - თქვა რავიკმა.
- გეთანხმებით, - მიუგო მებაღემ ისე, რომ სულაც არ გაჰკვირვებია.
რავიკმა გზა განაგრძო. სამი თვე... სამი წელი... სამი დღე... რა არის დრო? ყველაფერი და არაფერი. წაბლის ხეები უკვე აყვავებულა. მაშინ კი ფოთოლიც არ ჰქონდათ გაშლილი. გერმანიამ ისევ დაარღვია ხელშეკრულება და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა. ემიგრანტ იოზეფ ბლუმენტალს ისტერიკულმა ხარხარმა მოუარა და ერთა ლიგის სასახლის წინ, ჟენევაში, თავი მოიკლა. თვითონაც ხომ ამ ხნის განმავლობაში ფილტვების ანთება გადაიტანა. ავადმყოფობა ახლაც არ ცხრება, თავს შეახსენებს ხოლმე. მაშინ ბელფორში იყო და გუჩთერის გვარს ატარებდა... და, აი, ხელახლა პარიზშია. ქალის მკერდივით ნაზი საღამოა. ისეთი შეგრძნება აქვს, სხვანაირად არ უნდა ყოფილიყო. ყველაფერს განწირულის სიმშვიდით იღებს - ესაა უმწეობის ერთადერთი იარაღი. ცა მარად და ყველგან ერთნაირია - მკვლელობის, სიძულვილის, თავგანწირულობისა და სიყვარულის თავზე გაშლილი. გაზაფხული დგება და ხეები ისევ მშვიდად იშლებიან, მოდიან და მიდიან ქლიავისფერი ლურჯი დაისები და არაფერი ესაქმებათ პასპორტებთან, ღალატთან, სასოწარკვეთილებასა და იმედთან. რა კარგია ხელახლა პარიზში გამოჩენა, რუხ ვერცხლისფერ შუქში გახვეულ ქუჩაზე აუჩქარებლად გავლა, როცა არაფერზე ფიქრობ... რამდენად კარგია ეს საათი, ვადის გაგრძელებასავით რომ გეძლევა, რბილი და ბუნდოვანი, საათი, როცა შორეული ნაღველი და ყოფნის ნაზი, დასაბამიდან ნეტარი განცდა ერთიმეორეში გადადიან, როგორც ცა და მიწა ცისკიდურზე! დაბრუნების პირველი საათი, როცა დანასა და ისრებს ჯერ კიდევ ვერ მოუსწრიათ შენს სხეულში ჩასობა. ეს იშვიათი გრძნობა გახლავთ ბუნებასთან შეერთებისა, მისი გაშლილი სუნთქვა, შორით მომავალი და შორს მიმავალი. ეს ჯერ კიდევ უანგარიშო გასრიალებაა გულის გზის გასწვრივ, ფაქტების მბჟუტავი ცეცხლის გვერდით, გასრიალება ჯვრებთან, რომლებზედაც წარსულია გაკრული, მომავლის ეკლიან ბუჩქებზე გამოდება, ცეზურა, უხმო ქროლა, ხანმოკლე შესვენება, როცა ცხოვრებას მთლიანად გადაუშლი მკერდს, თვითონ კი საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი... მარადისობის სუსტი მაჯისცემა, მოსინჯული ყველაზე უფრო სწრაფმსრბოლსა და წარმავალში...
მოროზოვი „ინტერნასიონალის“ „პალმის დარბაზში“ იჯდა, წინ გრაფინით ღვინო ედგა.
- ბორის!.. გამარჯობა, ბერიკაცო, - შესძახა რავიკმა. - ვხედავ, კარგ დროს მოვსულვარ. ეს „ვუვრეა?“
- სწორედ ის არის. ოცდათოთხმეტი წლის მოსავლისაა, ტკბილი და სქელი. კარგია, რომ დაბრუნდი... რამდენი ხანია, რაც წახვედი? სამი თვე?
- ჰო, ამჯერად მეტი, ვიდრე ოდესმე.
მოროზოვმა მაგიდის ძველმოდური ზარი დააწკარუნა, სწორედ ისეთი, მსახურები რომ რეკავენ სოფლის საყდრებში. „კატაკომბაში“ ელექტრობა გაიყვანეს, მაგრამ ელექტრონის ზარები არ იყო, არც ღირდა მათი გაყვანა: ემიგრანტები საერთოდ ცდილობდნენ ნაკლები ყურადღება მიეპყროთ.
- ახლა რა გქვია? - ჰკითხა მოროზოვმა.
- უწინდებურად რავიკი. პოლიცია სხვა სახელებით მიცნობს. ვიწოდებოდი ვოცეკად, ნოიმანად, გუნთერად... არ ვიცი, რატომ, მაგრამ გვარი რავიკი რატომღაც განსაკუთრებით მომწონს, არ მინდა დავემშვიდობო.
- ხომ არ გაუგიათ, რომ აქ ცხოვრობდი?
- ცხადია, არა.
- ეტყობა, თორემ უთუოდ გადააქოთებდნენ აქაურობას. რაკი ასეა, შეგიძლია ისევ აქ იცხოვრო, შენი ოთახი თავისუფალია.
- დიასახლისმა ყველაფერი იცის?
- არა. არავინ არაფერი იცის. მე ვუთხარი, რუანში წავიდამეთქი. შენი ნივთები ჩემს ოთახშია.
ოფიციანტი გამოჩნდა. ხელში ლანგარი ეჭირა.
- კლარისა, მოიტანეთ სასმისი მუსიე რავიკისთვის, - უთხრა მოროზოვმა.
- აჰ, ეს თქვენ ბრძანდებით, მუსიე რავიკ! - ქალიშვილის მოღიმარ ბაგეებს შორის კბილებმა გაიელვა. - ისევ ჩვენთან ხართ? ნახევარი წელია არ მინახავხართ, მუსიე.
- სულ რაღაც სამი თვე, კლარისა.
- შეუძლებელია! მე კი ვფიქრობდი, უკვე ექვსი თვე გავიდამეთქი.
კლარისა წავიდა. მალე კელნერი გამოჩნდა, გაქონილი კიტელი